ცაზე

 

Image

               გაცრეცილი , ოდნავ შესამჩნევი ძარღვები ხელებზე …

სუფთა და ლამაზი ხელის მტევნები .

ერთმანეთს ათბობენ  ,  წვიმის წვეთები მოწყვეტით ეცემა   .

მოგორავს … 

ჯერ მხრებს მოელამუნება ,

შემდეგ ხელის მტევნებზე ჩამოგორდება მარგალიტივით

და  ბოლოს მიწას ერწყმის როგორც უხილავი ,

არასდროს არსებული .

უსასრულო ჰორიზონტს შეჰყურებს დანამული თვალებით ,

ხან ცას აჰხედავს .

ისევ წვიმს .

ქუჩის კუთხეში  , სადაც მთავრდება  ატმისფრად შეღებილი კედლის ფრაგმენტი , გოგონა დგას .

თითქოს დაბნეულია , მაგრამ იღიმის .

ხალხი ჩქარი ნაბიჯებით უვლის გვერდს , ყველა მიიჩქარის   დანიშნულების ადგილამდე .

ის კი არა, არაფერს ელის .

ხელი გაუწოდა ცას , უმალ დაუსველდა  .

ითვლის წვიმის წვეთებს ,რომლებიც მოუსვენრად დასთამაშებენ ხელის გულზე . 

ყოველ წამს ახალი წვეთი ეცემა .

მოსწონს  გოგონას ეს თამაში .

რა იქნებოდა რომ  ხალხსაც შესძლებოდა ამის დანახვა …

წვიმის?  არა…

  რა ლამაზია წვიმის წვეთები  , როდესაც ისინი ბურთის ფორმით გეცემიან, სხვადასხვა ფერებს ირეკლავს და თან სასიამოვნოდ გასველებს . 

თბილი და მძიმე წვეთი დაეცა გოგონას .

არა  …ეს არ გავდა წვიმის წვეთს .

ნაცნობი სითბო იყო  .  

არ შემობრუნებულა უცნობისაკენ ,  ხელის მტევანზე შეახლო ხელი . ჩაიხუტა საჩუქარი , ესეც ხომ მას ხვდა წილად  .

შემობრუნდა .

მეტყველი თვალები ,სიყვარულით შეჰყურებდნენ  .

 დახუჭა გოგონამ  თვალები და ასე თვალდახუჭული გაჰყვა მას წვიმაში  .

სხეული ვეღარ გრნობდა წვიმის წვეთებს , ვეღარც სიცივეს. მხოლოდ ხელის მტევანს ჩასჭიდებოდა  … 

         როდესაც უხილავად გრძნობ  სითბოს , რომელსაც გიზიარებს . როდესაც ბედნიერება ასე ახლოა  და ასე შორი დასაფასებლად . ყოველდღე რომ ივსება  პატარა გული მისი არსებით  , სულის სიმშვიდეს რომ მოიპოვებ  , ეტყვი  ,,მიყვარხარ’’  . გრძნობა გაცილებით დიდია ვიდრე ეს სიტყვა იტევს .

მინდოდა მადლობა მეთქვა შენთვის

შენი არსებობით მე გავიზარდე .

შენი სიყვარულით მე გავძლიერდი ,

შენი რწმენით  , მე ვარსებობ   .

 

 გოგონამ თვალები  გაახილა ,

ცაზე შვიდი ფერი  გამოკრთა …

 აღარ წვიმდა  .

მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო

ეს ისტორია ბევრისთვის არის ცნობილი.თუმცა მინდოდა კვლავ შემეხსენებინა თქვენთვის. რა ლამაზია გრძნობა ,რომელსაც სიყვარული ქვია. ამ ისტორიას გულგრილად ვერ წაიკითხავ ,სწორედ ესაა მისი მომხიბვლელობაც და ტრაგიზმიც. არაფერი მეორდება, ვმეორდებით ჩვენ …

ვიდრე ერთმანეთს შეხვდებოდნენ, განსხვავებული გზები გამოიარეს, ბელა მირიანაშვილმა მაშინვე დაიპყრო ეკრანი, ჯერ თეატრალური ინსტიტუტის სცენა, შემდეგ უკვე რუსთაველის თეატრისა, კახი კავსაძეს წლები დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსი იყო სცენაზე დგომის… არადა, თითქოს ბედი მასაც სწყალობდა, ჯერ კიდევ მეთერთმეტეკლასელი მთავარ როლზე დაამტკიცეს ფილმში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, ათლეტური ბიჭისთვის დიდი პატივი იყო უკვე სახელგანთქმული ლეილა აბაშიძის პარტნიორობა, მაგრამ უმტყუნა წყალმა… იღებენ სცენას – კახი-ვეფხია მდინარეში ეშვება. კახი გადაეშვა და… პირველივე დუბლზე 6 ნეკნი ჩაემტვრა, არადა თითქოს გაშინაურებული იყო წყალს, ცურვაზეც დადიოდა, წყალბურთსაც თამაშობდა. გატაცებული იყო საერთოდ სპორტით – კალათბურთით, ჩოგბურთით… თვეობით მიეჯაჭვა ლოგინს და გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო.
თეატრალურ ინსტიტუტში სამოწყალოდ ჩარიცხეს, ყველა მას უკიჟინებდა პირის გახსნას და წესიერად მეტყველებას, ის თავდაუზოგავად შრომობდა, წვალობდა… მეოთხე კურსზე იყო, ინსტიტუტის ფოიეში თვალი რომ მოჰკრა ბელა მირიანაშვილს და თვალთ დაუბნელდა და… გაუცისკროვნდა. პირველკურსელი ბელა კი უკვე მსახიობის სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა.
„ეს იყო სიცოცხლის, ხალისის განსახიერება, ჯანსაღი, ნაწრთობი სხეული, თანდაყოლილი, მომხიბლავი პლასტიკურობით. შუქით და სიკეთით სავსე თვალები, მოძრაობის სიმსუბუქე და აღნაგობის პროპორციულობა მას ამსგავსებდა შექსპირის დაუდგრომელ ქალწულებს…“ – ასე გაიხსენებს ათეული წლების შემდეგ ნოდარ გურაბანიძე ბელა მირიანაშვილის პირველ გამოჩენას სცენაზე. კახი კი უიმედოდ ეტრფოდა შექსპირულ ქალწულს. ვერაფრის თქმას ვერ უბედავდა. ბელა კი ვერ ამჩნევდა მასზე უზომოდ შეყვარებულ ბიჭს… ვერც შემდეგ, როცა ჯერ კიდევ მეოთხეკურსელი მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში მიიწვია. კახი მაშინ უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, ოღონდ „მასოვკის“, მაშინაც და მომდევნო რამდენიმე წელიც. ბელა კი პირდაპირ სახელგანთქმულ სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია“ შეიყვანეს მედეა ჩახავას დუბლად, მთავარ როლზე.
სპექტაკლი ერთი წლის წინ იყო დადგმული, 70 ანშლაგს ითვლიდა,  მედეა ჩახავას უკვე დაპყრობილი ჰქონდა ამ როლში არტისტული მწვერვალი და აი, მეოთხეკურსელ გოგონას უნდა შეეცვალა ის. ვადა სულ ორი კვირა იყო. იყო დიდი რისკი. ბელა არ დამარცხდა. იმავე წელს ის რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. იღებდა და იღებდა მთავარ როლებს. ბელა მირიანაშვილის მზია „ჭინჭრაქაში“ არათუ მაშინ, ჩანაწერის წყალობით, დღესაც აჯადოებს მნახველს. ბელაზე უგონოდ შეყვარებული კახი კავსაძე კი კვლავაც ვერ ბედავდა სიყვარულში გამოტყდომას. სიყვარული არც შემდეგ აუხსნია, სცენაზე ფეხი რომ მოიკიდა, მერეღა გაბედა დაახლოება და ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრებთან ვახშამზე მისულმა გამოაცხადა: გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლია. შეუღლებაც რევერანსებისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე იყო. უბრალოდ, ჰკითხა: „ბეჭედი გიყიდო?“. „არ არის საჭირო“, – იყო პასუხი. იცოდა ბელამ, რომ კახის ფული არ ჰქონდა… მათ სიყვარულს ვერც უფულობა აკავებდა და ვერც ის ფაქტი, რომ ბელას უკვე ნანუკა ჰყავდა… დაიწყო მათი ბედნიერი თანაცხოვრება. კახი ცდილობდა, ყოფილიყო ღირსეული ცოლის ღირსეული ქმარი. ბელა ამაყობდა თავისი ქმრით.
მაესტრო თუმანიშვილი ერთობ სკეპტიკურად უყურებდა კახის არტისტობას, თავის დროზე საჯაროდ სვამდა კიდეც კითხვას: „რა უნდა ამას თეატრში?“ და ცხადია, ვერ ეგუებოდა, როცა ეს კახი მისი ფავორიტი აქტრისას – ბელა მირიანაშვილის ქმარი გახდა… თუმანიშვილი ერთ-ერთი შეკრებისას ბელა მირიანაშვილის გაჩუმებას საჯაროდ შეეცდება: „ა ტი მალჩი დევოჩკა, ი ზნაი, ჩტო ტვაია სუდბა ზავისიტ ატ მენია“. მაესტრო მიიღებს პასუხს, ყველა ქმრისთვის საოცნებოს: „ია ნე დევოჩკა, ია აკტრისა ტეატრა რუსტაველი, ა მაია სუდბა ზავისიტ ატ ეტავა ჩელოვეკა“, და კახიზე მიუთითებს…

 

“მე უცხო არ ვარ, მე კახი კავსაძის ცოლი ვარ“, – ამაყად განაცხადებს ბელა მირიანაშვილი, როცა ქმარს ჩააკითხავს და „ლენფილმის“ პავილიონში შევა, სადაც იღებენ „უდაბნოს თეთრი მზის“ ეროტიკულ სცენას (ფილმში არ შევიდა) – შიშველ კახის შიშველი „ცოლი“ აწვა და პირს ყურძნის მარცვლებით „უტკბარუნებდა“. კახისთვის ისედაც წამება იყო ამ სცენის გადაღება და ბელას გამოჩენამ ხომ საერთოდ… „გააგრძელეთ, გააგრძელეთ, მე ხელს არ შეგიშლით“, – ეტყვის ბელა…
„შემდეგ, მოგვიანებით ყველა ჩემი „ცოლი“ გაიცნო და არ დამავიწყდება, როგორ შესჩივლა ერთმა მათგანმა: „აი, ახლა მესმის, რატომ არ გვაგდებს ძაღლად ჩვენი ბატონი (კახი კავსაძე)“…
კახი დიდ სიყვარულს დიდი სიყვარულით და გააფთრებით პასუხობდა – ჩუქნიდა ყვავილებს, მაგრამ, უბრალოდ, თაიგულს კი არა, მთელ ბუჩქ იასამანს… ჩუქნიდა ვერცხლის სამკაულებს, რაც ძალიან უყვარდა ბელას, მაგრამ ერთ ან ორ სამკაულს კი არა – მთელ ჩემოდან ვერცხლეულს… როცა ბელა აღტაცებით ათვალიერებდა დაღესტნიდან ჩამოსული იუველირის ნაკეთობებს, იუველირი კახიმ გვერდზე გაიყვანა, მალე უკან დაბრუნდა და ყველაფერი – ქამრები, ბეჭდები, გულსაკიდები, საყურეები – მთელი ჩემოდანი ვერცხლეული ბელას მიუძღვნა… ბელას ყველა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულად მიიჩნევდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რას უმზადებდა ბედისწერა.
ხუთი თვის ფეხმძიმე იყო, ვირუსული გრიპი რომ შეეყარა, 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე. მაინც ითამაშა სპექტაკლი. გრიპს ფილტვების ანთება დაერთო. ანტიბიოტიკებს არ გაეკარა, ნაყოფი რომ არ დაზიანებულიყო.  მშობიარობის შემდეგ სენმა თავი იჩინა – ნერვულ დაბოლოებათა ანთება შეჰყრია. იყო იმედი, რომ გაუვლიდა, მაგრამ სენმა იმძლავრა… ბელა მირიანაშვილი ეკრანს ჩამოშორდა, ნელ-ნელა სცენასაც. დაიწყება საარაკო ცოლ-ქმრის საარაკო ჭიდილი ავადმყოფობასთან. ჯანდაცვის იმდროინდელი მინისტრი ბეწვზე გადარჩა, კახი კავსაძემ თავზე რომ არ დააფშვნა საფერფლე, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ბელა ახლდა… კახი ფორმალურ მიმართვას ითხოვდა მინისტრისგან საზღვარგარეთული კლინიკისთვის. ის მინისტრი კი ზღაპრებს უყვებოდა საბჭოთა მედიცინის ძლიერებაზე. მხოლოდ ნოდარ დუმბაძის ძალისხმევით მოხერხდა ამ მიმართვის მიღება. წავიდნენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ დაბლოკვაღა მოხერხდა დაავადების.
ბელა სარეცელს ეჯაჭვებოდა…
მანამ კი, როცა ირაკლი პატარა იყო, იღვიძებდა და საწოლში წამომჯდარი დედას ხელში აყვანას სთხოვდა, სთხოვდა იმას, რაც დედას არ შეეძლო, თავგანწირული დედა იწყებდა ზღაპრების მოყოლას. ირაკლი უსმენდა და უსმენდა, ავიწყდებოდა, რომ ადგომა სურდა…
„არ მყავს დედა, რომელმაც ჩემთვის უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, ის არავის ჰგავდა! როდესაც თეატრში მივდიოდი, მაცილებდა, სიარული უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა, თვალებში შემომხედავდა და მე ვგრძნობდი ძალას, რომელიც მეხმარებოდა“, – იტყვის დედის სიკვდილის შემდეგ ირაკლი კავსაძე…
„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის“. – წერდა ბელა მირიანაშვილი….
 
23 წელიწადი ებრძოდა სენს… კახი მუდამ წამლების ძებნაში იყო, თავგადაკლული უვლიდა შვილებს, ავადმყოფ მეუღლეს. ბელას ხელით დაატარებდა, ისწავლა და თავად უკეთებდა ყოველდღიურად 10-15 ნემსს… ჭურჭელს ხშირად კახი რეცხავდა და ბელა საშინლად ნერვიულობდა ამ ფაქტის გამო, კახი ამშვიდებდა და თავად კი იმას განიცდიდა, რომ ბელა, არაჩვეულებრივი დიასახლისი, წინანდელზე ბევრად მეტ დროს ანდომებდა, წვალობდა სადილების მზადებისას… კახი თავგადაკლული მამა იყო, ზრდიდა შვილებს, ნანუკასა და ირაკლის ერთმანეთისგან არასოდეს არჩევდა. მეტიც, მთელი ბავშვობა ირაკლის აწვალებდა კითხვა, რატომ დაათრევდა მისი და, ნანუკა, ვიღაც ხუსკივაძის რვეულებს ყოველდღე. პატარას ვერანაირად აუხსნეს, რომ ნანუკა ხუსკივაძე იყო, რომ მას სხვა მამა ჰყავდა. გამოსავალი ისევ ნანუკამ იპოვა: „ჩემი კლასელისაა, მთხოვა, წამომიღეო“… ირაკლის მთელი ბავშვობა ნერვები ეშლებოდა იმ „ვიღაც კლასელ ხუსკივაძეზე“. მერეც, ნანუკა რომ უკვე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, სიაში „ნანა კავსაძეს“ ეძებდა. რომ ვერ იპოვა, ისევ ნანუკამ დაამშვიდა: „დამატებით სიაში ვარო“… მხოლოდ მერეღა დაისვა და აუხსნა ბელამ საბოლოოდ…
 

 

კახი კავსაძე: – „მე ჩემს გრძნობებს ბელასამდი იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია: 2 თირკმელი მაქვს, 2 ფეხი, 2 ხელი, ორი თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი. გული ხომ ერთი აქვს ადამიანს – იმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა თავად იყო ღირსეული. რომ ამბობენ, კახი კარგი ქმარი იყოო, სინამდვილეში ის იყო კარგი, არაჩვეულებრივი… 26 წელიწადი ვიყავით ერთად… ავად იყო, ვეღარ დადიოდა და… მაინც ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებს სწორედ…
საოცრად ტაქტიანი იყო, უღირს საქციელს რომ ჩავიდენდი, არავითარ შემთხვევაში არ მეტყოდა ცხელ გულზე, როცა საბოლოოდ დავმშვიდდებოდი, მაშინ იცოდა თქმა. მახსოვს, ერთხელ სტუმრად ვიყავი, ბევრი დავლიე და ვიღაცას დიდი აყალმაყალი ავუტეხე. შინ რომ დავბრუნდი, ბელას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, დუმდა, მე კი მინდოდა, ეთქვა: „როგორ არ გრცხვენია?“, რომ ვუპასუხო: „რისა უნდა მრცხვენოდეს!!!“ მაგრამ დუმს… დუმს მეორე დღესაც, მხოლოდ მესამე დღეს, როცა ყველაფერი დამავიწყდა, მაშინ მითხრა: „როგორ არ გრცხვენია, ასეთი დიდი, ყველასგან პატივცემული კაცი ხარ და ვიღაც კაცუნას ეციო“. ძალიან შემრცხვა. ბელამ იცოდა, როდის და რა ეთქვა… აბსოლუტური ჰარმონია გვქონდა, სულ ერთმანეთის პატივისცემაში ვიყავით. მე მიყვარს ხმამაღალი ლაპარაკი, ზოგჯერ ვილანძღები კიდეც, შეიძლება წყობიდან გამოვიდე და ვიღაცას დავუღრიალო, მაგრამ ბელასთან ხმისთვის არასოდეს ამიწევია… არც კონფლიქტები არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში, აწყვეტილი ღილისა და გაურეცხავი „კასტრულის“ გამო არა!..“
ტანჯვით სავსე 23 წელიწადს კახი მაინც ბედნიერ ხანად თვლის. არც თავად ბელა მიიჩნევდა თავს „საწყლად“, ეამაყებოდა ქმარი, შვილები…
მაგრამ აღსასრული ახლოვდებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბელა კახის ეტყვის, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, რომ კახიმ თავის გზა უნდა ნახოს, რომ მარტო არ დარჩეს… კახი იუმორით აისხლეტს გულისმომკვლელ სიტყვებს: „მე დაკავებული კაცი ვარ, შენ გამომიძებნე ვინმე“.
მოგვიანებით ბელა კვლავ შეახსენებს, რომ კახიმ ვინმე უნდა იპოვოს, რომ ის მხოლოდ დალოცავს იმ ქალს ზემოდან. კახი კატეგორიულად მოსთხოვს, აღარ გაიმეოროს მსგავსი რამ… ბელა მირიანაშვილი გრძნობს, რომ აღსასრული ახლოა. არც ცდება…
1992 წელი. აგვისტოს მიწურული. კახი მოსკოვშია გადაღებებზე. 29 აგვისტოს უნდა დაბრუნდეს. 25 აგვისტოს ბელა პირველად ცხოვრებაში კახის დამარცვლით ეტყვის: „ჩა-მო-დი“. კახი დაუყოვნებლივ ჩამოფრინდება. 27 აგვისტოს ერთად იქნებიან მთელ დღეს. 28 აგვისტო გათენდება. ბელა კახის სთხოვს, წამოაჯინოს. მისი ბოლო სიტყვები იქნება: მე ახლა ვგრძნობ სუბსტანციას, დამანებე თავი, ნუ მაწუხებ, ხელს ნუ მიშლი ნეტარებაში“…
და მიიცვლება მშვიდად…
კახი იტყვის, რომ ის დონ კიხოტზე ბედნიერი იყო, დონ კიხოტმა დულსინეა შეთხზა, გამოიგონა, მას კი რეალურად 26 წელიწადი გვერდით ჰყავდა თავისი ოცნება – ბელა მირიანაშვილი. და იტყვის იმასაც, რომ ვერ გაძღა ამ ქალით, არ ეყო ის 26 წელიწადი…
 
 
 
 
დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”  –16 ოქტომბერი 2011წელი
 
 

უხილავად დადიოდა თბილისში

არსებობს ისტორიები , რომლებიც გამორჩეულია . ჩემზე ამ ახალგაზრდის ისტორიამ განსაუთრებულად იმოქმედა . ძალიან ნიჭიერი და განათლებული ,  ციხეში  ნერვიულობისგან ჭლექით დაავადდა  და 2 წელიწადში გარდაიცვალა , იმ დანაშაულისათვის რაც არ ჩაუდენია , სულ რაღაც 22-23 წლის , გიორგი ტოროშელიძე  . განა კი შეეძლო ასეთი სულის ადამიანს სხვისი სიცოცხლის მოსწრაფვა ?!   არც ახლობელი ყოფილა , არც ნათესავი…მაგრამ უსაზღვრო პატივისცემითა და სინანულის გრძნობით ამევსო გული . საოცრად წერს , მინდა თქვენც წაიკითხოთ.

large

                                                                                   უხილავად დადიოდა თბილისიში…

                წყნარად , მშვიდად მიაბიჯებდა ქუჩაში , მერე მონუსხულივით შედგა , აყვავებული ატმის რტო დაიწია ,ახალი სურნელი  შეიგრძნო . შემოქმედების ჭინკები უცეკვავდენენ თვალებში , დაფიქრდა და გზა განაგრძო…

                 ძველ დუქანში შეიარა , არ ჩამომჯდარა . ”ერთი ჭიქა გალაქტიონი ”მიაწოდა სტურუას ქალმა . სულმოუთქმელად დაცალა და განაგრძო გზა .

               ,,ხიდან ხეზე გადაფრინა ჩიტს” შეავლო თვალი , თავი დაუკრა ტერენტის ჩრდილს და ჩაიარა .

               მერე ყურადღება  ,, ლურჯა ცხენებმა ”  მოსტაცეს ,  გვერდზე  ჩაუქროლეს და ცის კიბიდან ავიდნენ მაღლა , აღვირი გალაკტიონს ეჭირა და ფიქრობდა.

             თავშეუკავებელი სიცილი მისწვდა ყურს , ,,ბოშა ქალი” მზით გამთბარ ფილაქანზე იჯდა  ,მის ფერხთით კი ”ელვისცეცსლისდამჭერი ” ხუნდები ეყარა , მერე ანას აედევნა და მოწყალება სთხოვა .

              მერე კი დაუვიწყარი ალუბლისსადარი  თვალები შემოეფეთა . მოხედა და სიყვარულით სნეული ლადო შეამჩნია წიგნის მაღაზიასთან.

             ნუშები ყვაოდნენ…

მთაწმინდაზე მხართეძოზე წამოწოლილ მზეს მირზა ზენიტში დაბრუნებას სთხოვდა . არც ამათ შეხმიანებია , ისე დაუყვა თბილისურ დაღმართს …

            შორს შეამჩნია – მოხუცს საქართველოს რუკა დაეხატა ჯოხით ქვიშაში და ქერაკულულებიან გოგონას საკუთარ წარსულს ამცნობდა – ” ოდესღაც დიდი ყოფილაო ” .  არც მურმანს მიგებებია პირზე კოცნით , მევალესავით ჩაუარა და წავიდა …

          ,,ჯიღა საცერთვალებიან ” ნიშას შოთამ უღელი აართვა და  ალავერდად გადააწოდა ტიციანს – .. მონობისთვის დაბადებულს ” . ორივე მოხედა  , თითქოს ვერ იცნეს , არც ამას მოუკითხავს  , თავი დახარა და ჩაიარა .

          ეტლმა ჩაუქროლა…

        სრული ოთხი წელიწადია აღარ შეხვედრია არც ეტლი არც მეეტლე . ილიამ შეიცნო შემხვედრი , ეტლის გაჩერება ბრძანა , მაგრამ არა…

       განაგრძო გზა…

      ახალგაზრდას შეეჩეხა . ხელში ,,პირამიდის” მაკეტი ეჭირა , ინტუიციით იცნო პაოლო .

   დაიქანცა…

       ხიდის კუთხეში ჩამოჯდა და დაისვენა .

      არ გეგონოთ ,პიროვნებაზე ვწერდე – გაზაფხული მოდიოდა მწერალთა თბილისში .

                                                                                                                                                    გიორგი ტოროშელიძე